საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30 პროცენტი. ასევე იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30 პროცენტი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე“ 28 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამოდინარე, დაწესებული რეგულაციების გამო, სტადიონზე მაყურებლებს შესვლა ბოლო13 თვის განმავლობაში არ შეეძლოთ.