ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი სპეცრაზმს გადასცა

ალექსანდრ ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი აიღო და ნახევარი ბელარუსის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმს გადასცა.

ინფორმაცია ამის შესახებ ლუკაშენკოს პრესსამსახურთან დაკავშირებულმა Telegram-არხმა Пул первого-მ გაავრცელა.

სავარაუდოდ ლუკაშენკომ კარტოფილის მოსავალი მინსკის რეზიდენციის ახლოს არსებული ნაკვეთიდან აიღო. ამ ნაკვეთზე ლუკაშენკოს არამხოლოდ კარტოფილი, არამედ საზამთროც მოჰყავს. მოსავალს როგორც წესი აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში იღებენ და მოსავლის აღებაში ლუკაშენკო და მისი უმცროსი შვილი ნიკოლაი მონაწილეობენ.

გასულ წლებში ლუკაშენკოს მიერ აღებულ მოსავალი სხვადასხვა სოციალურ დაწესებულებებში იგზავნებოდა. 2016 წელს ალექსანდრ ლუკაშენკო თავისი მოყვანილი სტაფილოთი ამერიკელ მსახიობს, სტივენ სიგალს გაუმასპინძლდა.