თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ს მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსს" იჯარით გადაეცემა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი.
ამასთან, აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება.
ლურჯი მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე.
წილოსანის თქმით, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული.
"შეიცვლება ბიზნეს მოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას რომელიც უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს", - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.
მისივე თქმით, ახალი მიკროავტობუსები სატრანსპორტო დერეფნის "ლოკალური მნიშვნელობის ხაზებზე" იმოძრავებენ.