საქართველოში Astrazeneca-ს შემდგომი გამოყენების საკითხზე დღეს საღამოს იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს

ახალციხეში კოვიდვაქცინის შესაძლო გვერდითი რეაქციის გამოვლენის შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელებისა და ფორმატის შესახებ, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ჩვენს ქვეყანაში.

„ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა ამ დროისთვის 3500-ზე მეტია. დღეს 16:00 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან. მომხდარზე დაიწყო მოკვლევა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.