ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათი არ მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭომ სახალხო დღესასწაულის, ნოვრუზ ბაირამის დაწყებისას, ერთი ღამით კომენდანტის საათის მოხსნაზე უარი განაცხადა.

"სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო ჯგუფის მიმართვის მიუხედავად, ნოვრუზის დღესასწაულზე კომენდანტის საათი ერთი ღამით არ მოიხსნება", - ამის თაობაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ასევე ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთებით იმ დროს, როცა შეზღუდვების უმეტესობა უკვე მოხსნილია, შესაბამისად მსგავს დღესასწულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის“ ,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 11 მარტს მიმართეს.

ისინი მოითხოვდნენ, ნოვრუზის დღესასწაულის გამო, 21 მარტს, მთელი საქართველოს მასშტაბით გაუქმებულიყო გადაადგილების შეზღუდვა.