ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, ექთნის მდგომარეობა ჩვენი ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედს გამოთქვამს, რომ ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

„რაც შეეხება დღეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 21:00 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.