28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება.
პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ავიარეისებს კვირაში ოთხჯერ, ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. ამასთან, მიმდინარე წლის 31 მაისიდან, ვარშავა-თბილისი-ვარშავას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ განხორციელდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორიციელების ნებართვა უკვე მიენიჭა.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.