საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, თუმცა სტაბილურია.
მისივე თქმით, ექიმთა კონსილიუმმა არსებული მდგომარეობა შეაფასა და საუკეთესო გამოსავლისთვის საჭირო ღონისძიებებზე შეჯერდნენ.
ტიკარაძე ამბობს, რომ პაციენტისთვის მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი 24 საათი.
„კონსილიუმს ესწრებოდა ექიმების სრული შემადგენლობა, მათ შორის იყო ექიმი, რომელმაც პაციენტს ადგილზე გაუწია საჭირო დახმარება. მისი მხრიდან მოვისმენთ, რა კონკრეტული ქმედებები განხორციელდა პაციენტთან მიმართებაში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია შოკის კლინიკით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ ეტაპისთვის მას უტარდება ყველა საჭირო კვლევა, რომელიც შემდეგ იქნება გათვალისწინებული მისთვის საჭირო მკურნალობის ტაქტიკის შემუშავებისთვის. ექიმებმა ასევე მიიღეს გარკვეულ ნაბიჯებზე გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება შემდგომი ტაქტიკა. კვლევების შედეგად დაზუსტებული მდგომარეობის შემდეგ, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, შეტანილი იქნება შესაბამისი ცვლილებები. შემდეგი 24 საათი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაციენტის დინამიკის განვითარებისთვის. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.