პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, 28 წლის ქალბატონი კლინიკაში შემოყვანილია საათნახევრის წინ, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.
„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.
ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.