ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდნენ საერთაშორისო პარტნიორები

„ძალიან პოზიტიურად ვიყავი განწყობილი და დღევანდელ დღეს ფრთხილი ოპტიმიზმით ველოდებოდი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

„სამწუხაროდ ამდენ საათიანი მუშაობის და ძალიან მძიმე, რთული მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რაც არაერთხელ გვითქვამს - გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არ არის მზად იმისთვის, რომ აიღოს მისი მთავარი პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ამ ეტაპზე ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ის პასუხისმგებლობა, რომელსაც მისგან ელოდა არამხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვწუხვარ, რომ ჩემი ოპტიმიზმი და მოლოდინები არ გამართლდა. ჩვენ ვერ შევძელით, რომ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა წინ წასულიყო“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.