ბადრი ჯაფარიძე: ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა

„ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა, მედიატორების მიერ შემუშავდა ძალიან საინტერესო იდეები, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განვითარებას ჩვენ ქვეყანაში, ეს იდეები არ იყო გაზიარებული მეორე მხარის მიერ, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძე ვროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პარტნიორები ბრიუსელში განიხილავენ შექმნილ ვითარებას.

„მიმაჩნია, რომ ამ პროცესში წარმოჩნდა ოპოზიცია, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად, მაგრამ იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. მედიატორის რიგი წინადადებები იყო მისაღები ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები „ქართული ოცნებისთვის“. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა, ამ ეტაპზე პროცესი შეჩერდა.

ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ ვითარებას ბრიუსელში, ჩვენ დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად, ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იყო მიღწეული იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება, რომ გაგვეკეთებინა გარღვევა.

მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად და ეს არის მნიშვნელოვანი იმედის მომცემი ფაქტორი, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ აუცილებლად, საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისს, ოღონდ ამისათვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.