ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მედიატორი ბრიუსელში ბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ბრიუსელში ბრუნდება და მოლაპარაკებების შედეგებს შარლ მიშელს გააცნობს. კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი, თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს კი, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო.

„ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მმართველი პარტია ისევ სამართლიან პირობებზე მიუთითებს, ოპოზიციისთვის კი მთავარ მოთხოვნად „ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“ რჩება. მმართველი პარტიის ლიდერმა კი განაცხადა, რომ ოპოზიციამ ულტიმატუმები წამოაყენა, რაც კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა.

„იყო საინტერესო პროცესი, იყო ბევრი წინსვლა, თუმცა სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არმიღწევა. ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა, ოპოზიციამ პრიორიტეტი არა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ, პარტიულ თემებს მიანიჭა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ მხარეებს კომპრომისის სურვილი ექნებათ.

„იმედი მაქვს, პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან და კომპრომისის სურვილი ექნებათ, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

უცნობია, რა ფორმატში გაგრძელდება მოლაპარაკებები. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ჩართულობით დიალოგის ფორმატიც არ გამორიცხა.