ვახტანგ მეგრელიშვილი: რა ხდება, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე

„არ მესმის საერთოდ, აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის, ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დარჩეს მოლაპარაკების საკითხები საიდუმლოდ.

„ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება. ეს არის ჩემი ერთადერთი პრობლემა, რომლის გამოც შეზღუდული ვარ, რომ ვისაუბრო. მე არ მესმის, საერთოდ აქ რა ხდება, ფიზიკურად არ მესმის. მათ შორის, მოლაპარაკების სტილი არ მესმის. მეგონა, რომ მე ვარ არაკომპეტენტური და ეს ხალხი არის ძალიან კომპეტენტური. საბოლოო ჯამში, იმედი მქონდა, რომ მე ვცდებოდი და რაღაც შედეგი დადგებოდა. ახლა რომ დავრწმუნდი, შედეგი არ დადგა, ახლა ველოდებით რამე უფლებას, რომ კონკრეტულ საკითხებზე შესაძლებელი იყოს საუბრის დაწყება. იყო იქ პუნქტები, რომლებიც მომწონდა. ვერც ერთი მხარისგან ვერაფერი გავიგე“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.