შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: „REGINA MARIA“ (რუმინეთი), „KEMALREIS“ (თურქეთი) და „SMELI“ (ბულგარეთი).

წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.

ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.