უკრაინამ საქართველო „წითელი“ ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა.
ეპიდვითარეის გათვალისწინებით „წითელი ზონის“ ქვეყნებს შორის საქართველოსთან ერთად, პოლონეთი და ხორვატიაც მოხვდნენ.
უკრაინის მოქალაქე, რომელიც „წითელი ზონის“ ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდება, ვალდებულია, თვითიზოლაცია გაიაროს.
უკრაინის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, უკრაინაში შესვლისას ყველა უცხოელს უნდა ჰქონდეს დაზღვევის პოლისი, რომელიც კოორნავირუსის მკურნალობას ფარავს. კარანტინს არ ექვემდებარებიან „წითელი ზონის“ ქვეყნებიდან ჩასული პირები იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხი.
გასული დღე–ღამის განმავლობაში იკრაინასა და საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში უკრაინაში დაავადების 7 517 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საქართველოში – 1 759.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 9 751 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 183 გარდაიცვალა.
ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 143 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 068 000–ზე მეტი ადამიანი, 31 217 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.