გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართს მიღმა მცხოვრები 88 წლის დათა პაპა, დათა ვანიშვილი, დღეს დილით გარდაიცვალა. ამის შესახებ Europetime-ს მისმა შვილიშვილმა მალხაზ ვანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, დათა პაპას მავთულხლართს მიღმა სასაფლაოზე დაკრძალავენ და ის და მისი მეუღლე არათუ მის დაკრძალვაზე დასწრებას, მის საფლავზე მისვლასაც კი ვეღარ შეძლებენ.
მალხაზ ვანიშვილი რამდენიმე თვის წინ, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა და მეუღლესთან ერთად სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს. მისი თქმით, საკუთარი პაპის დაკრძალვაზე დასწრებასაც კი ვერ შეძლებს, რადგან რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი მას გადასვლისთანავე დააკავებს.
„დეკემბრის მერე პაპა ბოლომდე ვერ გამოკეთდა. ფილტვების ანთება მძიმე ფორმით გადაიტანა. დილით დამირეკეს მეც. აქაურმა პოლიციამ მითხრა. დედაჩემი ორჯონიკიძეშია და იქიდან მოდის მამის დაკრძალვაზე. მე კი გამზრდელი პაპის დაკრძალვასაც ვერ დავესწრები, ცხინვალის მხარე მაშინვე დამიჭერს. მის საფლავზე გასვლასაც ვეღარ შევძლებ ხოლმე და პაპას ხსოვნას პატივს ვერ მივაგებ", - განაცხადა Europetime-სთან დათა პაპას შვილიშვილმა.
2011 წელს საოკუპაციო ძალებმა დათა ვანიშვილის სახლის წინ მავთულხლართები გაავლეს და მისი მშობლიური სოფლიდან, ხურვალეთიდან იზოლაციაში მოაქციეს. დათა პაპა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. მის მოსანახულებლად მიდოდნენ უცხოელი დიპლომატები, ჟურნალისტები. ის უარს ამბობდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შეთავაზებულ ყველანაირ სოციალურ დახმარებაზე, მათ შორის პენსიაზე, იმ დროს, როცა მოხუცის ერთადერთი შემოსავლის წყარო, სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. რუსი სამხედროები, მას იქ გადასვლის და მიწის დამუშავების უფლებას არ აძლევდნენ.
გარკვეული მატერიალური პრივილეგიების სანაცვლოდ, დათა ვანიშვილს არაერთხელ შესთავაზეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა მიეღო. ზეწოლის და დაშინების მცდელობის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა. ის რამდენჯერმე დააკავეს.
სხვადასხვა დროს დათა ვანიშვილს შეხვდნენ შარლ მიშელი, ლეხ კაჩინსკი, ჯონ მაკკეინი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ევროპარლამენტის, ეუთოს, გაეროსა და სხვა მრავალი ორგანიზაციის თუ ქვეყნის წარმომადგენლები და დიპლომატები.