ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებას ამატებს და აორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის რეისზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისი-მიუნხენის რეგულარულ რეისს ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებასაც ამატებს.

მისივე თქმით, ავიაკომპანია პირველი ივნისიდან კვირაში 4-ჯერ შეასრულებს ავიარეისებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„პირველი ივნისიდან Lufthansa კვირაში ოთხი სიხშირით იწყებს რეისების შესრულებას ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით. ასევე გააორმაგებს ფრენებს მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის ხაზზე. ჩვენ ველოდებით ვაქცინირებულ ტურისტებს, მათ შორის ტურისტებს PCR ტესტით ევროპის ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც ცხადია, გერმანელი ტურისტებიც იქნებიან“, – აღნიშნა თურნავამ.