თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სხდომაზე ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით გირაოს 5 000 ლარის ოდენობით შეფარდებას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი განცხადებით, სახეზე შესაძლოა, სქესობრივი დანაშაულის ნიშნები ყოფილიყო, რის გამოც სხდომა დახურულ რეჟიმში უნდა წარმართულიყო.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.