გოგი წულაიას ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშმყოფი ,,ლოყაზე კოცნის გამო" დააკავეს.
როგორც გელბახიანი აცხადებს, სწორედ ლოყაზე კოცნის შესახებ საუბრობს წულაია იმ ვიდეოჩანაწერში, რაც პროკურატურას მტკიცებულების სახით გააჩნია.
„გამოქვეყნდება ვიდეოჩანაწერი და დარწმუნდებით ყველანი, რომ სექსუალურ მოტივაციაზე საერთოდ არ არის საუბარი. წულაია ქალბატონს ბოდიშს ძალადობის გამო არ უხდის, ბოდიშს უხდის კოცნის გამო, რომ ლოყაზე აკოცა და ამის გამოა დაჭერილი. პროცესზე თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომ მან გააკეთა განცხადებები ერთ-ერთი ცნობილი ოჯახის მიმართ, რაზეც იყო პასუხი, რომ დედის შეგინებას არავის აპატიებდა", - განაცხადა გელბახიანმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარედგინა, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.