დედაქალაქის საკრებულოს და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში ერთ-ერთ სკვერს ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი საკრებულო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე, ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის ერთ-ერთი სკვერისთვის ბულგარეთის დედაქალაქის სახელის მინიჭება საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობის დადასტურებაა.
„დღევანდელი დღე ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და გამორჩეული ურთიერთობების მაგალითია. ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბულგარეთის ელჩს, რომელმაც პირადად დიდი სამუშაო ჩაატარა საქართველოს ინტერესების დასაცავად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად. თბილისში ბულგარეთის დედაქალაქის სოფიას სახელობის სკვერის არსებობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ და დიპლომატიურ ურთიერთობებს. ეს სარეკრეაციო სივრცე თბილისის გამორჩეულ უბანში მდებარეობს. დარწმუნებული ვარ, სკვერი ადგილობრივების საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახდება. მადლობა ყველას, ვინც მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის მიხეილ ამაშუკელის განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ღირსეული მეგობარია და ეს სკვერი ქართულ-ბულგარული ურთიერთობების დაახლოებას ხელს შეუწყობს.
„ბრატისლავას და ბუენოს-აირესის შემდეგ, ბოლო პერიოდში ეს მესამე სკვერია დიდუბის რაიონში, რომელსაც თბილისის პარტნიორი ქალაქის სახელი ერქმევა. ბულგარეთი ჩვენი ღირსეული მეგობარია ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. მჯერა ეს სკვერი ქართულ ბულგარული კულტურული ურთიერთობების მნიშვნელოვან წერტილად იქცევა. თბილისი არის ევროპული ტიპის, მეგობრული, მულტიკულტურული ქალაქი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ასეთი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნების, ასევე ევროპის და მისი ფასეულობების ქართულ ყოველდღიურობაში დამკვიდრების გზაზე,“- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.
"საქართველოში ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თბილისის საკრებულოს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ გეოგრაფიული ობიექტი მარტში გაიხსნა, რადგან ამ თვეში ბულგარეთის ეროვნული დღე აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, ბულგარეთის ღირშესანიშნაობების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა. სკვერის გახსნას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრები, თბილისის საკრებულოს, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს და დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ", - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.