თამარ გაბუნია: გასულ წელს ანაფილაქსიით გარდაცვალების 2 შემთხვევა აღირიცხა, რაც ბუნებრივია კორონავირუსით ვაქცინაციას არ უკავშირდებოდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ანაფილაქსიური შემთხვევები ქვეყანაში ყოველწლიურად ფიქსირდება და ბუნებრივია, ეს არ უკავშირდებოდა აქამდე კორონავირუსის ვაქცინას. ამის შესახებ გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სტატისტიკაში დაახლოებით 40-60 შემთხვევაა აღწერილი და გასულ წელს ანაფილაქსიით 2 გარდაცვალების ფაქტია აღრიცხული.

„ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი გარდაცვალების შემთხვევა დაემთხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ეს გამოიწვევს კიდევ მეტ შიშს, ბევრ კითხვის ნიშანსა და უნდობლობას მოსახლეობაში, ამიტომ შევეცდებით სრული და ზუსტი ინფორმაცია მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ იმისთვის, რომ დაიბრუნონ რწმენა ვაქცინაციის სარგებელთან დაკავშირებით“ , - განაცხადა თამარ გაბუნიამ.