„ვაქცინით გამოწვეული გართულების მეორე შემთხვევა კარგად დამთავრდა, ეს იყო ალერგიული რეაქცია“, - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაცია აუცილებლად პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს, სადაც რაიმე გართულების დროს, ექიმების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოხდება.
„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა - ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ერთმა შემთხვევამ არ უნდა გადაწყვიტოს, გაგრძელდება თუ არა ვაქცინაცია.
მეორე შემთხვევა კარგად დამთავრდა. ზუსტად ჯერ არ არის დადგენილი, ეს იყო ანაფილაქსიური შოკი, თუ არა. ორივე შემთხვევა ალერგიაა. ანაფილაქსიაც ალერგიაა, მაგრამ ანაფილაქსიური შოკი გულისხმობს დაუყოვნებელ ალერგიულ რეაქციას, სისტემურ განვითარებას.
მარტო ერთი ორგანო არ ზიანდება ამ შემთხვევაში და ეს არის დაუყოვნებელი სწრაფი რეაქცია. ალერგიული სხვა რეაქციები შეიძლება, კანზე გამოვლინდეს და არ ჰქონდეს სისტემური სახე; სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. განსხვავება ამ ორს შორის არის. რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საშიშია ანაფილაქსიური შოკის განვითარება. ამ დროს, ტვინს ჟანგბადით ხანგრძლივად მომარაგება აღარ აქვს და ხშირად, ლეტალური შედეგით სრულდება.
რა თქმა უნდა, ანაფილაქსიური შოკიდან გამოყვანაც შეიძლება. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ვაქცინაცია აუცილებლად პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში უნდა ჩატარდეს, სადაც რაიმე გართულების დროს, ექიმების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება მოხდება. თუმცა, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის შემთხვევაშიც დაუყოვენებლი რეაგირება მოხდა - რაც საჭირო იყო, გაკეთდა. კარგად დატრენინგებული და ინფორმირებულები არიან ის მედიკოსები, რომლებიც აცრას ატარებენ. ძალიან კარგი პროტოკოლია შექმნილი, მაგრამ არ ვიცი, რა ვთქვა, ეს ალბათ, ჩვენი ქვეყნის ბედისწერა იყო“, - აღნიშნავს Europetime-თან საუბრისას მარინა ენდელაძე.
27 წლის ექთანი, რომელსაც გუშინ, ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, დღეს გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ დღეს ანაფილაქსიური შოკი კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს განუვითარდა.