მედია: ახალი მტკიცებულებების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილი FSB-ს თანამშრომელმა მოკლა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურმა პირებმა ახალი მტკიცებულება აღმოაჩინეს, რის მიხედვითაც რუსი ვადიმ სოკოლოვი, რომელიც ბერლინში ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობისთვის გაასამართლეს და ვადიმ კრასიკოვი, FSB სპეციალური ძალების ცენტრის განყოფილებიდან, ერთი და იგივე პიროვნებაა.

ამის შესახებ იტყობინება Insider, Bellingcat და Der Spiegel, რომლებმაც ერთობლივი გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ სოკოლოვი გამოგონილი ფიგურა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამართალდამცველების მიერ ხარკოვში, საოჯახო ალბომში ნაპოვნი ვადიმ კრასიკოვის ფოტოები იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ კრასიკოვი და მკვლელი ვადიმ სოკოლოვი, რომელიც გერმანიაში, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო გაასამართლეს, ერთი და იგივე პიროვნებაა.

როგორც ცნობილია, ახალი მტკიცებულებები გერმანიის სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ გადაეცათ.