ევროპარლამენტარი: საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო

"საქართველომ ევროპის გაწვდენილი ხელი არ მიიღო", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა და ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიანემ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხდა.

ევროპარლამენტარმა "ამერიკის ხმასთან" საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე და სხვა აქტუალურ საკითხხებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს ეკისრება.

"ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, პირველ რიგში, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემი ჩათვლით, მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ.

მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი. ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს, და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა.

"ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს", - განაცხადა იუკნევიჩიანემ.

როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ქართველების დიდი ნაწილი ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია.

"ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად, არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არცერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი", - აცხადსებს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში იუკნევიჩიანე.