"ჩვენ გვქონდა 21-ე საუკუნის ომი და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ილჰამ ალიევი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად შუშაში ჩავიდა და აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„ჩვენი ომი, ყარაბაღის მეორე ომი, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სკოლებში ისწავლება. ჩვენ ჩავატარეთ 21-ე საუკუნის ომი და მტერი გავანადგურეთ. სომხური არმია აღარ არსებობს, ჩვენ ის გავანადგურეთ. დღეს სიამაყით ვამბობ : „შუშა, შენ თავისუფალი ხარ!“, „შუშა აზერბაიჯანია!“ და „ყარაბაღი აზერბაიჯანია!“- განაცხადა ალიევმა.
როგორც ალიევმა, აღნიშნა, ყველაზე დიდი წვლილი ახალგაზრდებმა შეიტანეს.
„ყველა თაობის წარმომადგენელმა მიიღო ომში მონაწილეობა და აჩვენა გმირობა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მთავარი მისია ახალგაზრდებმა შეასრულეს, რომლებიც ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში გაიზარდნენ,“- აღნიშნა ალიევმა.