ინფექციონისტი მარინა ენდელაძე: საერთოდ რომ არ ელოდები, ისეთი კოვიდპაციენტები იღუპებიან. გამოსავალი ვაქცინაციაშია

„ადრე ვიცოდით, რომ კორონავირუსი მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის წარმოადგენდა საშიშროებას, ახლა ვნახეთ, საერთოდ რომ არ ელოდები გართულებებს, ისეთი პაციენტები იღუპებიან“, - ამის შესახებ Europetime-ს ინფექციონისტმა მარინა ენდელაძემ განუცხადა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ კოვიდით დაღუპული პაციენტებიდან, ზოგს არც ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„კოვიდინფიცირებისას გაცილებით მეტი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, ვიდრე ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილი იშვიათი ალერგიული შემთხვევებით. მით უმეტეს, ინფიცირებული ვირუსის გადამტანია და ბევრად მეტი ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

COVID19 არ არის სახუმარო დაავადება. რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი რამ ირკვევა. გამოსავალი მხოლოდ მსობრივი ვაქცინაციაა. რა თქმა უნდა, ვაქცინირება უნდა მოხდეს დიდი სიფრთხილით, ანამნეზის სრულყოფილი შეკრებით. რისკების გათვალისწინებით. მაგალითი მედიკოსებმა უნდა ვაჩვენოთ. მე პირადად უკვე გავიკეთე ვაქცინა, თუმცა ვარ ალერგიული და არანაირი გართულება არ მქონია. მედიკამენტზე არასდროს მქონია ალერგია, უფრო სხვა სახის გამოვლინება იყო ხოლმე. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა ავცრილიყავი“, - აღნიშნავს მარინა ენდელაძე

ინფექციონისტის თქმით, მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, ანაფილაქსიური რეაქციების სიხშირე, ყველა ვაქცინის შემთხვევაში დაახლოებით თანაბარია.

„თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთ ქვეყანაში Pfizer-ით აცრილებში ანაფილაქსიური რეაქციის ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე Astra zeneca-თი აცრილებში. ბევრი ელოდება სხვა ვაქცინის შემოსვლას და ამიტომ არ იცრებიან ახლა. ეს არასწორია, რადგან ყველა სახის ვაქცინაზე შეიძლება იყოს ასეთი იშვიათი გამოვლინება. მაშინ გამოდის, რომ საერთოდ არ უნდა ავიცრათ, რაც უფრო სახიფათოა“, - აღნიშნავს მარინა ენდელაძე.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთში Astra Zeneca-თი აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი 41-ს გამოუვლინდა - 122 ათასი აცრიდან ერთ შემთხვევა. გერმანიაშიც მსგავსი სტატისტიკაა, 121 ათას აცრაზე - ერთი. რაც შეეხება Pfizer-ს ასევე გერმანიაში, 5 387 000 აცრილ ადამიანში დაფიქსირდა 63 ანაფილაქსიური შოკი. Moderna-ს შემთხვევაში 168 189 აცრილი ადამიანიდან ანაფილაქსიური შოკი გამოუვლინდა 1 ადამიანს.