"დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ„აისელების“ ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან", - სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლა და ანგარიში გამოაქვეყნა (2018-2019 წლები).
როგორც ანგარიშში წერია, პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19თვე).
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტთან არსებულ ა(ა)იპ „კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის“ საქმიანობაზეც.
ირკვევა, რომ ცენტრმა 2018-2019 წლებში დაფინანსების სახით 1 მილიონ 052 ათასი ლარი მიიღო, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს.
2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.).
პასუხისმგებელი პირი ადასტურებს, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, თუმცა განმარტავს, რომ შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, მიუხედავად ამისა, აუდიტის ჯგუფისთვის შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.