მსოფლიოს წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
2014 წლიდან MIT - ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.
მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა. MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს.
"აღსანიშნავია, რომ ნიკა MIT - ში ჩარიცხული, კომაროვის სკოლის მერვე კურსდამთავრებულია. ნიკა ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია! ნიკას წარმატებები საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე: ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი.
აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია. ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს 1 მედალი მათემატიკაში. სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი. ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი. რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი. პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი. ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს", - აღნიშნულია კომაროვის სკოლის განცხადებაში.