ვაშლიჯვრის მიმდებარედ დარღვევები და ნაპრალები ათეული წელია არსებობს და მოსახლეობის მიმართ არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მერიის აქტიური ჩართულობით, არა მხოლოდ აღნიშნულ ფერდობზე, არამედ თბილისის სხვა ლოკაციებზეც დაიწყება აქტიური მონიტორინგი და რაიმე სახის დეფორმაციის გაჩენის შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.
„ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს. ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზისიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობს და ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არავითარი საფრთხე არ არსებობს. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მეწყრული სხეულის, რომლის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მას და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმ ტერიტორიასთან მიმართებაში ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება. ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით, დაიწყება მონიტორინგი და ყოველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, თუ რაიმე სახის ახალი დეფორმაციები გაჩნდება, მიღებული იქნება შესაბამისი და დროული გადაწყვეტილებები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად”, – განაცხადა გეოლოგმა.