გიორგი მარგველაშვილი: უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე

„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი, ასევე საქართველოს პარტნიორები მზად არ არიან იმისთვის, რომ ხელისუფლება რომელიმე ერთ მოთამაშეს გადააბარონ - „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.

"ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტეციალს ქმნის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი "მთავარი არხთან" საუბრისას.