ემიგრაციიდან დაბრუნებული 200 მოქალაქე 4000-4000 ლარით დაფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებული 200 მოქალაქე 4000-4000 ლარით დაფინანსდება.

უწყების ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 4 აპრილამდე გაგრძელდება.

„სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტები გადაეცემათ. დაფინანსების მიღება შესაძლებელია როგორც საქმიანობის დაწყების, ისე გაფართოების შემთხვევაში და მისი ოდენობა 4000 ლარს შეადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ემიგრაციიდან დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ეტაპზე, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება“, - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა.