ასოცირების საბჭოს შემდგომ, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ნატალი საბანაძეს თანამდებობის დატოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საბანაძე გაწეული საქმიანობისათვის მადლობას უხდის.
,,მადლობას ვუხდით ქ-ნ ნატა საბანაძეს გაწეული სამსახურისთვის. აღნიშნულ მისიაში მისი მოღვაწეობა დატვირთული იყო მრავალი წარმატებული ნაბიჯით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.აღსანიშნავია, რომ ქ-ნი ნატა საბანაძე ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად საქმიანობდა რვა წლის განმავლობაში.უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, ელჩს გადაწყვეტილი ჰქონდა თანამდებობის დატოვება ასოცირების საბჭოს შემდგომ, რომელიც მ.წ. 16 მარტს გაიმართა.
მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ძალზედ მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირთან, რომელიც 2019 წლის შემდგომ პანდემიის ფონზე პირველად გაიმართა და ძალზედ წარმატებული აღმოჩნდა თავისი შედეგებით.წარმატებას ვუსურვებთ ქ-ნ ნატას მის მომავალ საქმიანობაში!", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა.