გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ევროპის ქვეყნების უმეტესობა ანტირეკორდის დამყარებას განაგრძობს. ბოლო 24 საათში გერმანიაში, იტალიაში, საფრანეგთსა და ჩეხეთში Covid-19–ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ გერმანიაში კორონავირუსის 14 714 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში –42 032, იტალიაში – 19 143, ჩეხეთში – 15 252.

ბოლო პერიოდში Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში. კორონავირუსის მეორე ტალღის გააქტიურებასთან ერთად ევროპის ქვეყნებმა ახალი რეგულაციები შემოიღეს. მათი უმეტესობა ვირუსთან გამკლავებას დიდი თავყრილობების აკრძალვებითა და პირბადეების ტარებით ცდილობს. საფრანგეთსა და იტალიაში დაწესებულია კომენდანტის საათიც.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 149 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 42 497 000–ზე მეტი ადამიანი, 31 430 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 10163 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 193 გარდაიცვალა.