თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი მოსახლეობა უარს იტყვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, გარდაუვალი იქნება კოვიდინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რიცხვის მატება, ამას თან მოჰყვება სრული, ან ნაწილობრივი ლოკდაუნი.
როგორც ცერცვაძე აცხადებს, პირველ რიგში ექიმებმა უნდა დაძლიონ სკეპტიციზმი, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60-65% აცრილი იყოს.
,,დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე, პირდაპირ ვთქვათ, გვაქვს ორი შესაძლო სცენარი და ორი პერსპექტივა. პირველი, რომ დავძლევთ იმ სკეპტიციზმს და უნდობლობას, რომელიც ვაქცინის მიმართ ისედაც იყო საქართველოში და ამ ერთმა უბედურმა შემთხვევამ, რომელიც სრულიად შემთხვევითი იყო, გააძლიერა ეს ნეგატიური ტენდენციები ვაქცინის მიმართ. ბოლო ორ დღეში შემცირდა ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. უნდა დაძლიონ ეს სკეპტიციზმი და უნდა ჩაერთონ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიაში.
დღეში ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3 000-4 000 ათასი ადამიანის აცრა მაშინ, როცა ვცრიდით 400-500 ადამიანს ხოლო იმ შემთხვევის შემდეგ, ასი ადამიანი ძლივს აიცრა. ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ. ასეთ შემთხვევაში, შევინარჩუნებთ ინფიცირების დაბალ რიცხვს, დაიკლებს გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ნულზე დავიდეს. ამას ავტომატურად მოჰყვება ყველანაირი შეზღუდვის გაუქმება. ახალი შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ ან უკვე შემოიღო ახალი ლოკდაუნი, ან აპირებს შემოღებას. თუ არ გვინდა ეს იყოს, მაშინ დავიწყოთ ფართო ვაქცინაცია. ეს საშუალებას მოგვცემს გავხსნათ ეკონომიკა და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და აღარ განმეორდეს ის მტკივნეული პროცესები, რომელიც ყველამ გადავიტანეთ.
თუ გავჯიუტდებით და უარს ვიტყვით ვაქცინაზე, მივეცემით სკეპტიციზმს, არ გვექნება ნდობა ვაქცინაციის მიმართ და არ ჩავებმებით კამპანიაში, მაშინ გარდაუვალია შემთხვევების მატება, სამწუხაროდ ალბათ გარდაცვლილთა მატებაც. ამას თან მოჰყვება შეზღუდვების მატება, სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი და უამრავი დისკომფორტი. უნდა დავფიქრდეთ, დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და არ იტყვიან უარს ვაქცინაზე და პირიქით, რიგები იქნება ვაქცინაციის პუნქტებთან და დღეში ჩვენ მოვახერხებთ 3 000-4 000 აცრას.
ახლა ვინც იტყვის, რომ არსებობს რისკები და ერთი ადამიანი უკვე დაიღუპა. ძალიან სამწუხაროა, ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალება. მთელი ერი გლოვობს და მათთან ერთად მთელი სამედიცინო საზოგადოება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ცხოვრებაში ასეთი ერთეული შემთხვევები ხდება. ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი ქვეყანა და არც ერთი დარგი არ არის დაზღვეული. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, არ შეიძლება ერთი შემთხვევისთვის ქვეყნის ბედი შევაგდოთ სასწორზე. ასეთი შემთხვევა არის უკიდურესად იშვიათი და ძალიან დიდი ალბათობით ის საქართველოში კიდევ დიდხანს არ განმეორდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.