ანალიტიკოსის, ზაზა ფირალიშვილის აზრით, „გირჩი“ პარლამენტში რომც შევიდეს, ამით პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. Europetime-თან საუბრისას აღნიშნული განცხადება ფირალიშვილმა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის დაწყებული მოლაპარაკებების შეფასებისას გააკეთა.
ანალიტიკოსის თქმით, ორიოდე თვის წინ კიდევ შეიძლებოდა ამაზე საუბარი. ახლა უკვე ისეთ ჩიხში არიან შესულები, რომ მხოლოდ „გირჩის“ მხრიდან მაგ ნაბიჯის გადადგმაც ვეღარ უშველის საქმეს.
„მარტო გირჩი რომ შევიდეს პარლამენტში, პარლამენტის ოპოზიციური ანტურაჟი იქნება, რომელიც რეალურად ვერაფერს გააკეთებს პარლამენტში. ერთი და ორი პარტია ვერაფერს შეცვლის. აქ საქმე იმაშია, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაზე უარს ამბობს. ეს თავისთავად არ შეიძლება ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი იყოს. ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა სიტუაციის განმუხტვას ვერ შეძლებს.
ორივე მხარემ მიაღწია ყველაზე ცუდს, რიგითი ამომრჩეველი, ის ვინც არჩევნებზე იყო ოქტომბერში, გულგრილი გახდა პოლიტიკური პროცესების მიმართ. ოპოზიციის ნდობაც დაკარგეს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა NDI-ს გამოკითხვაში“, - აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.
„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს.
ისინი მმართველ გუნდს მედიატორების გარეშე შეხვდებიან. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ „გირჩი“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება წარმატებული აღმოჩნდება.
„დავაში „ქართული ოცნება“ მართალი თუ აღმოჩნდა, რა არგუმენტი რჩება, რომ პარლამენტში არ შეხვიდე?“, - განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მედიაციით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. კრისტიან დანიელსონმა, რომელმაც ბრიუსელში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, იმედი გამოთქვა, რომ პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან ვითარებაზე და ექნებათ საჭირო ნება და სურვილი, წავიდნენ კომპრომისზე. მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ქუჩის საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო და 15 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა. მოლაპარაკებების ჩაშლას, ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს.