ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ექთნის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ გადადგომას არ აპირებს

"მომხდართან დაკავშირებით ვგრძნობ პასუხისმგებლობას", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჯანდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა, გრძნობს პასუხისმგებლობას და ეს არის თითოეული იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა ის ფაქტი, რაც მოხდა ახალციხეში და ვაქცინაციის პროცესის მრავალპროფილურ დაწესებულებებში გადატანის გადაწყვეტილება, შემდეგ ეტაპებზე ვაქცინაციის გაფართოებას და ამბულატორიებში განხორციელებას არ გამორიცხავს, ვინაიდან ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ძალიან კარგი პრაქტიკა აქვს და ჩვენ ვეყრდნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელიც ამბულატორიულ დონეზე ვაქცინაციის ჩატარებას გულისხმობს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის დასმულ კითხვას, პასუხიმგებლობა შეიძლება გულისხმობდეს თუ არა თანამდებობის დატოვებას ან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ჯანდაცვის მინისტრმა ასე უპასუხა: „მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა და შესაბამისად, საქართველოშიც არ განხორციელდება“.