ელისო ბოლქვაძე: ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, ხელოვნება აერთიანებს

"ადამიანები დაიღალნენ პოლიტიკური უთანხმოებებით, ხელოვნება აერთიანებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, კულტურის ახლადშექმნილი კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ახალი გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და ამას აუცილებლად უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. დიდი მოლოდინებია, დიდი გამოწვევებია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ხელოვნება მაქსიმალურად ემსახუროს ხალხს, მივიდეთ ადამიანებთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად შეეხო, ვისაც სჭირდება სულიერო საზრდო. მე მგონი, ყველას გვჭირდება სულიერი საზრდო.

ადამიანები დაიღალნენ ამდენი რყევებით, პოლიტიკური უთანხმოებებით, მე ვფიქრობ, ხელოვნება აერთიანებს და ხელოვნებამ უნდა ქნას ის რაც ასე გვჭირდება ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მომავალ თაობას.”-განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

პარლამენტში ახლად შექმნილმა კულტურის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის დებულება მიიღეს და თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი და ქეთევან დუმბაძე აირჩიეს.