ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, AstraZeneca-ს წარმომადგენლები ახალციხელი ექთნის საქმის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, რომ AstraZeneca-ს წარმომადგენლები ექთან მეგი ბაქრაძის საქმის შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, ფატალური გართულების შემთხვევაში თავდაპირველად AstraZeneca-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მოკლე რეპორტის სახით ეგზავნება, შემდეგ კი ვითარების შესწავლა გაფართოებული ფორმატით ხდება, რაც გულისხმობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას.

„ამ ტიპის ფატალური გართულების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არსებობს წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი და იქ ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როდესაც დასრულდება გამოძიება, ეცნობება AstraZeneca-ს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. თავდაპირელად მიდის მოკლე „რეპორტი“, შემდეგ კი უფრო გაფართოვებული. მათი წარმომადგენლები ჩადიან ხოლმე და ადგილზე სწავლობენ ვითარებას და ეს ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული, იმიტომ, რომ თვითონ კომპანიაც და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც დაინტერესებულია, რომ ვითარება იყოს გარკვეული და ცნობილი“,- განაცხადა გამყრელიძემ.