დათა ვანიშვილი ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს

88 წლის დათა ვანიშვილი მავთულხლართებით გაყოფილი სოფელ ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც მისი მშობლები და ოჯახის სხვა წევრები განისვენებენ.

გარდაცვლილთან გამოთხოვების მიზნით, საოკუპაციო ძალების წარომადგენლებმა ე.წ. საზღვარზე გადასვლის საშუალება დათა ვანიშვილის ნათესავების ნაწილს მისცა. ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

სახლიდან გამოსვენების დროს, ოკუპანტების მიერ გავლებული მავთულხლართების მეორე მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.