NATO-ს შტაბბინის თანამშრომლებს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრიან

AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პოლონელი ექიმები NATO-ს 3 500 თანამშრომელს აცრიან. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიუსელში ვაქცინაციისთვის 20-ზე მეტი ექიმი ჩავიდა.

შტაბბინის თანამშრომლების ვაქცინაცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ NATO-მ პოლონელი ექიმები ალიანსის შტაბბინაში ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ოფიციალურად მიიწვია.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთს ძლიერი მოკავშირეობისათვის და პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობას ვუხდი პოლონეთსა და პრემიერ-მინისტრ მორავეცკის NATO-ს შტაბბინაში ვაქცინაციის ჩატარების მზაობისთვის. პოლონეთი ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში სხვა მოკავშირეებსა და პარტნიორებს მხარდაჭერა აღმოუჩინა “, - განაცხადა სტოლტენბერგმა.