ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში, რომელიც დღეს ვიდეო-კონფერენციის ფორმატით გაიმართა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტად აირჩიეს.
"ბიუროს სხდომის ფარგლებში მიმოიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე ეპიდემიოლოგიური და პოლიტიკური ვითარება.
ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მთავარმა მკვლევარმა, მაიკლ ემერსონმა მოხსენება გააკეთა ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაზე ,,ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შედარებითი ანალიზი - ევროპული ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, სადაც ბალკანეთის, ასევე ევროკავშირთან ასოცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას - ე.წ. სამეულის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებია შედარებული.
სხდომის დასასრულს ბიურომ განიხილა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური პლენარული სესიის საორგანიზაციო საკითხები და ერთხმად გადაწყდა, რომ მომდევნო სესიის განხილვის მთავარი თემა იქნება ,,პოსტ-კოვიდური ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები“.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე პლენარული სესია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის და მაკა ბოჭორიშვილის თანა-თავმჯდომარეობით მიმდინარე წლის 19-20 აპრილს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.