ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ჯაშუშობაში ბრალდებულ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება დაევალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირად ნონ გრატად გამოაცხადა ჩვენს ქვეყანაში აკრედიტირებული ორი რუსი დიპლომატი და მათ ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა. ოფიციალური წერილი უკვე გადაეცა რუსეთის საელჩოს უფროსის მოადგილეს.
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო წერილი ბულგარეთის პროკურატურისგან, რომელშიც ნათქვამია, რომ ორმა დიპლომატმა ქვეყანაში ისეთი საქმიანობა განახორციელა, რომელიც დიპლომატიური შეუსაბამოა ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციასთან", - ნათქვამია განცხადებაში.
გასული კვირის ბოლოს ბულგარეთმა განაცხადა, რომ დააკავა და ბრალი წაუყენა ექვს ადამიანს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.
გენერალური პროკურორის პრესსპიკერმა სიიკა მილევამ, 19 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საიდუმლო ინფორმაციის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის გამო, ბულგარეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მოქმედი და პენსიაზე მყოფი წევრი დააკავეს" .
რუსეთის საელჩომ სოფიაში დიპლომატთა გაძევების გადაწყვეტილებას უწოდა ბულგარეთის ხელისუფლების მორიგი „უსაფუძვლო დემარში“, რომელიც ხელს არ შეუწყობს „ბულგარეთ-რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის შემდგომ განვითარებას“.