პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, სადაც კახაბერ საბანაძე ფიგურირებს, გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელიც საჯარო გავრცელდა და რომლებშიც შინაგან საქმეთა მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე ფიგურირებს გამოძიება დაიწყო.

უწყების განცხადებით, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება 22 მარტს დაიწყეს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ ის კონკრეტულ დავალებებს სწორედ კახაბერ საბანაძისგან იღებდა, მათ შორის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა.