პენიტენციური სამსახურის ცნობით, ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს AstraZenecas ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი კი 20 მარტს დაუდასტურდა
„COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მაისის ბოლოდან პენიტენციური სისტემის თანამშრომლები ორ კვირაში ერთხელ გადიოდნენ PCR ტესტირებას, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მათ კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.
ამ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, N5 დაწესებულების ექთანს მიმდინარე წლის 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო).
ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა COVID-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა COVID-19, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ტემპერატურის მატება). იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა COVID-19. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.