ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციის რეფორმა და სპეციალური მენეჯერის დანიშვნა არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ამის შესახებ კომისიის ახალ დასკვნაშია ნათქვამი.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ კონსტიტუციურ საკითხებში, 20 მარტს დაასკვნა, რომ პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მიღებული ცვლილება ,,გადაჭარბებულად" აძლიერებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებას.
,,ელექტრონული კომუნიკაციის რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების იურიდიულ და ეკონომიკურ ჩარჩოსა და კონკურენტული გარემოს მარეგულირებელ პრინციპებზე, აძლიერებს პასუხისმგებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) უფლებამოსილებას", - ნათქვამია ანგარიშში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სპეციალური მენეჯერის დანიშვნის უფლებამოსილება საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციების პროვაიდერებისთვის არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც ევროპაშია აპრობირებული.
განცხადების მიხედვით, კომისიამ "არ იცის" ევროპული კონტექსტში კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი ორგანოს ასეთი გადაჭარბებული უფლებამოსილებები, რაც მარეგულირებლის მიერ სპეციალური მენეჯერების ამ ფორმით ჩართვას ითვალისწინებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ცნობს ლეგიტიმურ მიზანს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ინტერნეტის მომხმარებლებს, ამჟამინდელი გადაწყვეტილება, რომელიც აირჩია კანონმდებელმა კანონის ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ 46-ე მუხლის 1-ლი და 11-ე მუხლებში, ეხება ,,საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებას", ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებას
მარეგულირებელი კომისიის მიერ 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დანიშნულ სპეციალურ მენეჯერს აქვს ”საგანგებო უფლებამოსილება”, რომელიც ემსგავსება სასამართლოს მიერ დანიშნულ ადმინისტრატორს ბანკში, ან ფინანსურ ინსტიტუტში.
ვენეციის კომისიამ "არ იცის" ევროპული კონტექსტში კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელი ორგანოს ასეთი უფლებამოსილებები. უფლებამოსილებები ”იმდენად ფართო და გადაჭარბებულია”, რომ, როგორც ჩანს, ერთადერთი შეზღუდვა არის აქციონერების გაუცხოება, რის გამოც აქციონერებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილება.
გარდა ამისა, 46-ე მუხლის 1-ლი პუნქტი ”ზედმეტად ფართო და ბუნდოვანია”, რაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, უზრუნველყოს სპეციალური მენეჯერი, რათა მიიღოს ყველა მენეჯერული გადაწყვეტილება.
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების თვალსაზრისით, მე -11 მუხლს "არ აქვს სიცხადე", რაც ქმნის გაურკვევლობას სერიოზული საკითხების მიმართ და შეშფოთებას იწვევს სასამართლო განხილვის გამოყენებასთან დაკავშირებით”,- ნათქვამია მოსაზრებაში
ცნობისთვის, პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, 88 ხმით დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნოს.კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, რომელმაც მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოითხოვა..