9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე, – ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი ვითარება, საფრთხეს უქმნის საქართველოს ხვალინდელ დღეს და მის მომავალს.
„საჯარო სივრცე გაჯერებულია დესტრუქციული პარტიებით და მათივე დესტრუქციული მედიასაშუალებებით, რომელიც ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ისტერიას ეწევიან. სხვადასხვა პროპაგანდისტული ხრიკებით ქმნიან ხელოვნურ თუ პოლიტიკურ კრიზისებს, ხალხს თავს ახვევენ საკუთარ დღისწესრიგს და გვაიძულებენ, ვიცხოვოროთ მათ მიერ მოდელირებულ რეალობაში. ისინი მზად არიან, გამოიყენონ ყველანაირი მეთოდი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუნდაც ეს საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას. ვაი პოლიტიკოსები, რომლებსაც არანაირი საერთო არ აქვთ დასავლურ ღირებულებებთან, ჩვენს უცხოელ მეგობრებს ამოფარებულები, ცდილობენ ნეგატიურ ზემოქმედებას ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოების ინტერესების და კანონის აღსრულების უგულებელყოფა და კანონდამრღვევების პოლიტპატიმრებად გამოცხადება. აღნიშნული ძალები მტრად აცხადებენ ყველას, ვისი პოზიციებიც წინააღმდეგობაში მოდის მათ დესტრუქციულ მიზნებთან. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ამ ყველაფრის წინააღმდეგ იჩენს სისუსტეს. ვერ უზრუნველყოფს მოვლენებზე თავისი სახელის დარქმევას და ქვეყნისთვის სახიფათო ვითარების განეიტრალებას. სახეზეა, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობში თავისი არასწორი პოლიტიკით, დამნაშავე ძალებთან ფსევდო დაპირისპირების ინსცენირებით მივიდა იქამდე, რომ ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მშვიდობას და ეროვნული ინტერესების დაცვას, ამიტომ საჭიროა გაისმას ქართველი ხალხის ხმა.
9 აპრილს, 13:00 საათზე ვიკრიბებით „ევროპის მოედანზე“ და გვინდა, დავაფუძნოთ „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“, რომელიც უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალხმა დააფიქსიროს საკუთარი ნება, ხელისუფლებების თუ საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.