ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი რუსული ვაქცინიდან ერთ-ერთით აიცრება, ოღონდ ამას საჯაროდ არ გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.
„ჩვენ სპეციალურად არ ვიტყვით, რომლით აიცრება პრეზიდენტი. სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად საიმედოა, კარგი, სანდო და ეფექტიანია. შეგნებულად არ ვასახელებთ. აღვნიშნავთ, რომ სამივე რუსული ვაქცინა აბსოლუტურად სანდო და საიმედოა“, - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას დღეს საღამოს გაიკეთებს.
როგორც დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს კამერების წინ ვაქცინაციის იდეა არ მოსწონს.
"პრეზიდენტი თავისი სამუშაო დროის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს უძღვნის ღონისძიებებს, საუბრებს და შეხვედრებს, რომლებიც ვაქცინაციასთან და ვაქცინის წარმოებასთანაა დაკავშირებული," - აცხადებს კრემლის წარმომადგენელი.