საქართველოს სამი რეგიონი შესაძლოა, "წითელ ზონად" გამოცხადდეს

საქართველოს სამი რეგიონი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებით ლიდერობს, შესაძლოა "წითელ ზონად" იქცეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ეს არის იმერეთი, გურია და სხვათაშორის, თბილისიც, სადაც ყველაზე მეტია მობილობა.შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა უკვე, ვინაიდან ჩვენ საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც, როგორც შუქნიშანზე ვაკვირდებით, უკვე წითლის მიმართულებით მიდის აქტიურად. დადებითობის კოეფიციენტი არის 2,2, ასევე, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1-ს აღემატება, რაც, რა თქმა უნდა, მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. არ გამორიცხავთ შეზღუდვების დაწესებას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის: დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 48, შიდა ქართლი - 22, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 34, კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.