უმრავლესობის წევრი: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კანონპროექტი შეიცვლება

საპარლამენტო უმრავლესობა პარტიების დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის რეკომენდაციების გათვალისწინებას გეგმავს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტი არ გიწვევს, არამედ გაგრძელდება მათზე მუშაობა. ორივე პროექტი შეიცვლება იმგვარად, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახოს. არც ერთ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ლეგიტიმურობის და სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვები არ ჰქონია და მათი შენიშვნა იყო, რომ არ მომხდარიყო კანონის მორგება დღეს არსებულ ვითარებაზე. პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას ეხება, ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო პირველივე ჯერზე არა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, არამედ მაგალითად, ფინანსური სანქციის დაკისრება პარტიისთვის.

მათ ჰქონდათ წუხილი და ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, რაც პოლიტიკური კუთხით გვაქვს საქართველოში, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის, არ მოხდეს ინსტრუმენტალიზება კანონის და დღევანდელ სიტუაციაზე მორგება და გამოყენება ამ პარტიების წინააღმდეგ, ეს იყო შენიშვნა და მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით და ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გავაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას“, - აღნიშნავს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შეფასებებს, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება მათი რეალური სახე.

„ვენეციის კომისიის დასკვნამ პრაქტიკულად ხაზი გადაუსვა „ქართული ოცნების” სურვილს, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დასასჯელად მომზადებული კანონპროექტი მიეღოთ, რომელიც ითვალისწინებდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობასთნ დაკავშირებით სანქციები დაეწესებინა პარტიისთვის და ასევე, საპარლამენტო სხდომების ბოიკოტირების გამო, დაფინანსება შეეწყვიტა პარტიებისთვის.

ცალსახად ითქვა, რომ ეს არის არადემოკრატიული კანონპროექტი, რომელიც დემოკრატიის განვითარებას არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანონპროექტი დაბლოკილია და აღარ იქნება მიღებული. ხელისუფლება იძულებული გახდება ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვის თხოვნით, ვენეციის კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ, 2020 წლის დეკემბერში მიმართა.

სახელისუფლებო პარტიის კანონპროექტის თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

კანონპროექტი ახალმა, მე-10 მოწვევის პარლამენტმა 23 დეკემბერს პირველი მოსმენით მიიღო. საკანონდებლო ინიციატივას 83 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

აღნიშნული საკანონდებლო ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მას შემდეგ წარადგინა, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ამ მოტივით, სხვადსხვა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიღებული საპარლამენტო მანდატების გაუქმება, ოფიციალურად მოითხოვეს.