რუსეთის დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს ქვეყნის სათავეში კიდევ ორი ვადით დარჩეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის კონსტიტუციის ერთ - ერთი შესწორებული დებულების თანახმად, ვლადიმერ პუტინზე საპრეზიდენტო ვადის ლიმიტი წინა საპრეზიდენტო ვადების გათვალისწინების გარეშე ვრცელდება.
კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატებმა პაველ კრაშენინიკოვმა და ოლგა სავასტიანოვამ, ასევე ფედერაციის საბჭოს წევრმა ანდრეი კლიშასმა ნოემბერში შეიტანეს.
შესწორებების შესაბამისად, კანონი აწესებს, რომ პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც არ უნდა იყოს 35 წელზე ახალგაზრდა, მუდმივად უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, არ უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და არც წარსულში უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან უცხოეთში ცხოვრების უფლება. ამასთან, ეს წესი არ მოქმედებს, თუკი უცხო სახელმწიფო ან მისი ნაწილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში იქნება მიღებული.